თბილისის მერმა, კახა კალაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში მის მიმართ განხორციელებულ პერსონალურ თავდასხმებსა ისაუბრა. დედაქალაქის მერმა დეტალურად აღწერა ის მორალური ზეწოლა, რომელსაც მისი ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და შვილები, განიცდიდნენ. კალაძემ მომხდარს „კრიმინალური დაჯგუფების“ ქმედება უწოდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საკუთარ წარსულსა და მომავალ ნაბიჯებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მთავარ დასაყრდენად ხალხის სიყვარულს მიიჩნევს
– თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ. ყველაფერი. არ ვიცი, ოჯახის მიმართ იმდენ სიბინძურეებზე საუბრობდნენ, ჩემი მეუღლის მიმართ, ჩემი შვილების მიმართ… ჩემს მეუღლეს რაებს სწერდნენ. წარმოუდგენელია. ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები.

აი, წარმოუდგენელი უბრალოდ. ეს არის ბოროტება, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს, ადამიანი შანტაჟის ქვეშ ამყოფოს და ა.შ. და ა.შ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი, ვარ ყველა ჩემს ქმედებაზე პასუხისმგებელი, ვარ პასუხისმგებელი ყველა ჩემს სიტყვაზე, გადადგმულ ნაბიჯზე წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც. ვარ უბედნიერესი ადამიანი, მყავს ძალიან კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, შვილები და ვარ ბედნიერი ადამიანი.





