ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი და როგორც ჩანს პარტია “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისევე საქართველოს პარლამენტში, რადიკალიზაციის ხარისხი ცოტა მაღლა აწიოს,- ეს განცხადება აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „გახარია-საქართველოსთვის” წევრმა არჩილ სამნიძემ გააკეთა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში” შიდა კლანური დაპირისპირებაა.
„თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი და როგორც ჩანს პარტია „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა აჭარის უმაღლეს საბჭოში და ისევე საქართველოს პარლამენტში, რადიკალიზაციის ხარისხი ცოტა მაღლა ასწიოს. როგორც ჩანს, ბატონი დავით გაბაიძის გაწონასწორებული და დაბალანსებული პოზიციები არ აწყობდა „ოცნებას“ რადიკალური პოზიციების გაჟღერებისათვის და გადაწყდა, რომ უმაღლეს საბჭოში რადიკალიზაციას მოუმატონ. მიუხედავად პიროვნული პატივისცემისა, ბატონი ცოტნეს მიმართ, დავაკვირდებით მოვლენებს, ყველა ნათლად დავინახავთ რა პროცესები განვითარება აჭარის უმაღლეს საბჭოში”,- აღნიშნა არჩილ სამნიძემ.
თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ამტკიცებს, რომ კოლეგებთან კოლეგიალური თანამშრომლობა ექნება.
„მაქსიმალურად ვეცდებით კოლეგებთან ერთად, მათ შორის დამოუკიდებელ წევრებთან კორპორაციული და კოლეგიალური კულტურის დაფუძნებით გვქონდეს თანამშრომლობა. ყველა იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც დღის წესრიგში არის.
ნებისმიერ მანდატი ეკუთვნის ხალხს, ეკუთვნის სახელმწიფოს და ჩვენი საქმიანობის მიზანი და ამოცანა არის სწორედ სახელმწიფო სამსახური. ჩვენ ვართ გამტარი, ადამიანების ინტერესების, რომლებმაც მოგვანიჭა მანდატი, შესაბამისად ჩვენი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, გვაქვს დასახული მიზნები.
დაახლოებით, 20 წელია, რაც პოლიტიკურ პროცესებში ვარ, მგონი არქივში ვერსად ვერ იპოვით იმ ენას, სიძულვილის, დისკრიმინაციის ან განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე”,- აღნიშნა ანანიძემ.





